Jump to content
Sign in to follow this  
GHOST_FATHER

უმა (უეჭველი მოგების ალგორითმი)

Recommended Posts

post-1-0-49535800-1400000555.jpgთამაშთა თეორიის მიხედვით არსებობს თამაშები, რომლებშიც პირველი სვლის შესრულება მოგების გარანტიაა. ანუ, არსებობს ერთი ან უსასრულო რაოდენობა სტრატეგიებისა, რომელთა მიხედვითაც თუ ყოველ შემდეგ სვლას სპეციალური ალგორითმის მიხედვით შეასრულებ, გამარჯვება გარანტირებული გაქვს. მოწინააღმდეგის სტრატეგიას და ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ძლიერ მოწინააღმდეგეს შეუძლია - ხანგრძლივი და უშეღავათო წინააღმდეგობაა - ნებისმიერ შემთხვევაში, მარცხი გარდაუვალია.
დამტკიცებულია, რომ ჭადრაკიც ასეთი თამაშია, მაგრამ მოგების უტყუარი სტრატეგიისა და შესაბამისი ალგორითმისთვის ჯერ არ მიუგნიათ.
მას შემდეგ, რაც ალგორითმს მიაგნებენ, ჭადრაკის თამაში აზრს დაკარგავს, თუმცა აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თამაშს არ შეწყვეტენ.
მათი ნაწილი უბრალოდ იგნორირებას გაუწევს გაშიფრულ ალგორითმს და დამოუკიდებლად, ანტიკურ მენუალებზე, ლასკერისა და კაპაბლანკას მიერ ნათამაშებ პარტიებზე, უახლეს საჭადრაკო საინფორმაციო სისტემებსა და საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით განაგრძობს ელექტრონულ, ან სულაც სათვალეებიან და მელოტ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას (რომელიც გაშიფრული ალგორითმის იგნორირებას დათანხმდება).


ნაწილი შეეცდება ალგორითმში სუსტი ადგილების პოვნას, მარხციდან მარცხამდე ჯიუტად სრულყოფს დამარცხების ტექნიკას და სულ უფრო და უფრო გაზრდის წინააღმდეგობის დროს. ადვილი სავარაუდოა ისეთი ტურნირების ჩატარებაც, რომელშიც გროსმეისტერები სუპერკომპიუტერს გაეჯიბრებიან და გამარჯვებულად ის მოთამაშე გამოცხადდება, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის სვლის შემდეგ დააშამათებენ.
ჭადრაკის თამაში მხოლოდ კლასიკური გაგებით დაკარგავს აზრს. ანუ ამ თამაშში მთავარი მიზანი გამარჯვება აღარ იქნება. სინამდვილეში თამაში გაგრძელდება, რადგან კიდევ დიდხანს იარსებებენ ადამიანები ვისთვისაც 64 უჯრიანი შავ-თეთრი დაფა მხოლოდ ტაქსის ემბლემის მხიარული ალუზია არ არის და რაღაც მისტიკური, საკრალური მნიშვნელობა აქვს. იარსებებენ ადამიანები, ვისაც უბრალოდ უყვარს ეს თამაში, ისევე როგორც ჩვენ გვიყვარს ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივებისთვის მზერის მიდევნება, მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით ვიცით, ეს ვარსკვლავიც ოდესმე ჩაქრება.

* * *

წინა საუკუნის ოთხმოცდამეცამეტე წლის მიწურულს ეროვნული ბიბლიოთეკის მეოთხე დარბაზში ვიჯექი და გამოწერილ წიგნებს ველოდი.

სამი წიგნი გამოვიწერე: А.Н. ШИРЯЕВ «ВЕРОЯТНОСТЬ», А.С. СЕВАНСТЯНОВ «ТЕОРИЯ ВЕРОЯТНОСТИ» და გვანჯი მანიას „ალბათობის თეორია“. მეოთხე დარბაზსა და მთელს შენობაში ისევე ყინავდა, როგორც ქუჩაში, ამიტომ, ჩემი გამოთვლით, მაქსიმუმ ოთხ საათს გავძლებდი. გამოცდა სამ დღეში მქონდა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ამ წიგნების წაკითხვა მართლა მაინტერესებდა, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც მუდმივად უსაქმური და მუდმივად ცაიტნოტში ვიყავი.
წიგნები ერთი საათით მაინც დაიგვიანებდა, ამიტომ ვიჯექი და ვფიქრობდი.

ძირითადად კანონზომიერებებზე. მეოთხე დარბაზი ტექნიკოსებისა იყო და ფილოლოგები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, იურისტები და სხვა სპეციალობის ლამაზი გოგოები იშვიათად შემოდიოდნენ, ისიც უმეტესად იმ შემთხვევაში, თუ დარბაზის ნომერი შეეშლებოდათ. „კანონზომიერია“, ვფიქრობდი, „ყურადღება ნაკლებად იფანტება, ფიქრს სხვა თუ არაფერი, ყურადღება და კონცენტრაცია მაინც სჭირდება“.
მეცადინეობა სახლშიც შემეძლო, ამ წიგნების შოვნა ძნელი არ იყო, ან კონსპექტს ჩავხედავდი, მაგრამ სახლში ბებია კვდებოდა.
ბებია უკვე მესამე წელი კვდებოდა, მაგრამ ვერ შევეჩვიე. ვერც ბებია შეეჩვია (მისით ვამაყობდი, განსაკუთრებით ბოლო დროს), ვერც დედა - თვალებამოღამებული და გატანჯული, საკუთარ ნერვებს და ჯანმრთელობას ატანდა ელიზეუმში. ბებია მორწმუნე არასდროს ყოფილა, ამიტომ სასუფეველში მოხვედრის მინიმალური შანსი ჰქონდა.


სახლში მეცადინეობა არ გამოდიოდა. კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი. როდესაც მხოლოდ ერთი კედელი გაშორებს მომაკვდავ ადამიანს, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ ეს კედელი შენსა და სიკვდილს შორის ააშენეს. შიში არ მქონია, უბრალოდ სულელური აზრები მომდიოდა თავში, მაგალითად, უცებ გავიფიქრებდი, რომ ბებია უკვე სამი წელი კვდებოდა, მაშინ როცა ჩემი მეგობარი ჩემს თვალწინ სულ რამდენიმე წუთში დაიცალა სისხლისგან. საჯარო ბიბლიოთეკის მეოთხე სამკითხველო დარბაზშიც მომდიოდა თავში სულელური აზრები, მაგრამ მხოლოდ წიგნების ამოტანამდე.
ვერ ვიტყვი, რომ სპეციალობა ჯეკ ლონდონის იმ საბედისწერო მოთხრობის მიხედვით ავირჩიე, რომელშიც იღბლიანი მოთამაშე სტატისტიკის და გონებამახვილობის მეტაფიზიკური ნაერთის დახმარებით კაზინოში დიდ ფულს იგებს, მაგრამ სწორედ ეს მოთხრობა გამახსენდა, როდესაც ალბათობის თეორიის ლექტორს პირველი ლექციის აუცილებელი კითხვა დავუსვი: „შეიძლება თუ არა ალბათობის თეორიის გამოყენებით „რულეტკისთვის“ მომგებიანი სისტემის შემუშავება?“.
პასუხმა გამაწბილა, მიუხედავად იმისა, რომ ლექტორმა იხუმრა და შეეცადა ორაზროვანი პასუხი გაეცა: სპეციალისტს ყოველთვის აქვს რაღაც უპირატესობა იმასთან შედარებით, ვინც მხოლოდ იღბალს არის მინდობილი, მაგრამ მთავარი მაინც დათვლაა, მეცნიერება კანონზომიერების დადგენაში იქნებ ოდნავ დაგეხმაროს კიდეც, მაგრამ არანაირი“მომგებიანი“ სისტემა არ არსებობს და არც იარსებებს, თუნდაც ზუსტად ამ მეცნიერების ფარგლებში დამტკიცებული დებულებების თანახმად.

კარგად თუ დაეუფლებით ჩემს საგანს, ამას თვითონაც მიხვდებით. მე პირადად კაზინოში არასდროს შევსულვარო.
ეს თქვა და ალბათობის თეორიის ყველაზე მთავარი ცნების - შემთხვევითობის ახსნაზე გადავიდა.
ამის შემდეგ ჩემს გონებაში „ალბათობის თეორიას“ მისტიკური ოქროსფერი შარავანდედი გაუქრა და ისეთი საგნების რიგში ჩაეწერა, როგორიცაა: „მათემატიკური ანალიზი“, ან კიდევ უფრო მშრალი და პროზაული „დიფერენციალური განტოლებები“, მაგრამ საგნის მიმართ ინტერესი არ დამიკარგავს და მოთმინებით ველოდი ერთი საათის წინ გამოწერილ წიგნებს.
როგორც იქნა წიგნები ამოიტანეს. რუსი ავტორების წიგნები ნაცრისფერდერმატინგადაკრულ ყდიანი იყო და თითქმის ხელუხლებელი, ქართული ალბათობის სკოლის ფუძემდდებლის წიგნი მოყვითალო მუყაოს ყდაში იყო ჩასმული, ყდა ერთი კვირის დამხრჩვალის სახესავით ქონდა წაშლილი - არაფერი იკითხებოდა. ფრთხილად გადავშალე, სატიტულო გვერდზე, სადაც ავტორი, წიგნის დასახელება და გამომცემლობა უნდა ეწეროს, მსხვილი, სამეცნიერო ნაშრომისთვის შეუფერებლი გაზეთ „კომუნისტის“ სათაურის შრიფტით იყო დაბეჭდილი - „შესაძლებლობის თეორია“.

არც ავტორი, არც გამომცემლობა, არც მეოთხე გადამუშავებული გამოცემა, არც გამოცემის წელი.
დავიბენი. წიგნი დავხურე და მუყაოს ყდას დავაშტერდი. ყდა მუყაოსფერი იყო, ანუ მუყაოს შესაძლო ფერებიდან ერთ-ერთი ფერის. სასტამბო ფაქტურა გადასვლოდა, ეტყობოდა რომ ზედ ოდესღაც რაღაც დაუბეჭდავთ, მაგრამ არაფერი იკითხებოდა.
ისევ გადავშალე და ისევ იგივე წარწერა დამხვდა.
კიდევ ერთი გვერდი გადავშალე.

იქ, სადაც სარჩევი უნდა ყოფილიყო, მელნის გამოხუნებულ ლაქას მთელი ტექსტი დაეფარა. ფურცლის ორივე მხარეს.
შემდეგი ფურცელი ამოხეული იყო.
წიგნის მეხუთე გვერდზე ყოველვარი შესავლის გარეშე „შესაძებლობის თეორიის“ პირველი და სავარაუდოდ ერთადერთი აქსიომა იყო მოცემული:
„1. ყველაფერი შესაძლებელია“.
მე-5 გვერდზე მეტი არაფერი ეწერა. წიგნის დანარჩენი 617 გვერდიც ცარიელი იყო.


„მძინავს“. როგორც ყოველთვის, ტვინმა ყველაზე მარტივი და ლოგიკური გამოსავალი მოძებნა.
„თუ მძინავს და ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ ახლა წიგნს დავხურავ, ხელახლა გადავშლი და სამანტა ფოქსის ფოტოები დამხვდება“. ტვინმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად სწორი გამოსავალი მოძებნა.
წიგნი დავხურე, გადავშალე, მაგრამ ყველაფერი ისევე დამხვდა, როგორც დავტოვე.
„რა თქმა უნდა“ - გავიფიქრე - „ეს „თუ“ ზედმეტი იყო. რას ნიშნავს „თუ“ მძინავს! შესაძლებლობის თეორიის მიხედვით, ყველანაირი წინაპირობა ისევე შესაძლებელია.

როგორც ყველკაფერი უპირობოდაა შესაძლებელი, თანაც სულაც თავი რომ დავანებოთ ამ თეორიას, სიზმარში რაც და ვინც არ უნდა გამოიხმო, ან საერთოდ არ გამოჩნდება, ან ისეთი დამახინჯებული ფორმით მოვა, რომ შეხედვა არ მოგინდება“.
მეძინა თუ არა ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ორივე ვარიანტი ერთნაირად შესაძლებელი იყო. უცებ ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა და გავხალისდი, ანეკდოტი სოფიზმსა და ლოგიკურ დემაგოგიას ეფუძნებოდა (ისევე, როგორც თითქმის ყველაფერი ხილულ სამყაროში) და დინოზავრს ეხებოდა: რა არის იმის ალბათობა, რომ ქუჩაში გახვალ და დინოზავრი შეგხვდება? პასუხი მარტივი და სახალისოა - ერთი მეორედი (ანუ პროცენტულად ორმოცდაათი ორმოცდაათზე), ან შეგხვდება, ან არა. რასაკვირველია, აქ ალბათობა არაფერ შუაშია, სინამდვილეში ქუჩაში დიზონავრთან შეხვედრის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია (ეს „თითქმის“ სასაცილო არაა?), ხოლო იმის ალბათობა, რომ მზე ხვალ დილითაც ამოვა თითქმის ერთს უდრის (ანუ შანსი თითქმის 100 პროცენტია). სამაგიეროდ შესაძლებლობის თეორიის თანახმად დინოზავრთან შეხვედრის და ხვალ დილით მზის ამოსვლის შანსები თანაბარია და ნამდვილად 50/50-ზეა, ან შეგხვდება, ან არა, ან ამოვა, ან არა - ყველაფერი შესაძლებელია.
„აი, თურმე რატომ არის წიგნის ყდა ასე გაცრეცილი. მე პირველი არ ვარ, ვინც ამ თეორიას გაეცნო.

ანეკდოტებსაც თხზავენ, როგორც რაღაც ფარულ მესიჯებს, მაგრამ ამ ყველაფრის გაშიფრვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც თეორიას საფუძვლიანად ფლობს.“ მე ჯერ მხოლოდ პირველ გვერდზე ვიყავი, მაგრამ უკვე თავი ამტკივდა. მიუხედავად ამისა, შევეცადე ჩემს მოუწესრიგებელ და უსისტემო მეხსიერებაში შესაძლებლობის თეორიის კონსპირაციული მაგისტრების მესიჯები მომეძებნა და გამეშიფრა.
მეხსიერებაში პირველად არგენტინელი ბრძენის მუქსათვალიანი ფიგურა ამოტივტივდა თავისი „გამოგონილი ისტორიებით“. წიგნის სათაურშიც კი ჭკვანი კაცის ირონიაა ჩაქსოვილი - თითქოს ამქვეყნად ისეთი ისტორიებიც არსებობდეს, რომლებიც გამოგონილი არ არის! ამასთან, უბირი ადამიანებისთვისაც კი ბორხესის „ფანტასტიური“ მოთხრობები არანაკლებ რეალური და დამაჯერებელია, ვიდრე დიკენსის ან სოცრეალიზმის რომელიმე კორიფეს (ვთქვათ მაქსიმ გორკის) ცხოვრებისეული ამბები. აშკარა შეუსაბამობაა, მაგრამ შესაძლებლობის თეორია ყველაფერს მარტივად მიუჩენს თავის ადგილს უნივერსალურ ენციკლოპედიაში, რომელიც ბიბლიოთეკის ერთ-ერთ თაროზე დევს. ბიბლიოთეკას სამყარო ქვია და აგებულებით სკას წააგავს - ასე იტყოდა არგენტინელი ბრმა ბიბლიოთეკარი.
რასაკვირველია, ბორხესის მიერ აგებული ბიბლიოთეკის მოდელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოხდენილი მეტაფორა, უბრალოდ, ასეთი დაინახა სამყარო სწავლულმა ლიტერატორმა, როდესაც თვალის ჩინი წაერთვა და როგორც შესაძლებლობის თეორიის ერთ-ერთმა უდიდესმა ექსპერტმა დროსა და სივრცეში გაფანტულ კოლეგებს ეს ლამაზად ჩამოყალიბებული თეორემა დაუგზავნა დასამტკიცებლად.

კოლეგების სასახელოდ უნდ აითქვას, რომ ფერმას ყბადაღებული თეორემისგან განსხვავებით, ამ თეორემის მტკიცება არავის უცდია, ბორხესმა კი მგონი საჭიროდაც არ ჩათვალა დაეზუსტებინა, რომ მთელი ეს ფიჭური ბიბლიოთეკა თავისი ხილულ-უხილავი სამყაროთი უნივერსალური ენციკლოპედიის ერთი სიტყვაა ან იქნებ ერთი ასო-ნიშანი.
მისტიკით გატაცებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შესაძებელია ჩემდაუნებურად სწორედ ეს უნივერსალური ენციკლოპედია გამოვიწერე შირიაევის და სევანსტიანოვის წიგნებთან ერთად. შესაძლებლობის თეორიის თანახმად ეს აზრი საფუძველს მოკლებული არ იყო, თუმცა არც ხელაღებით მტკიცება შეიძლებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში ამ წიგნის წაკითხვა ჯერ არ შემეძლო და ნაცნობებიდანაც ვერავის მივაკითხავდი კონსულტაციისთვის.
გადავწყვიტე თეორიას ჩავღრმავებოდი.
ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“-დან ის ეპიზოდი გამახსენდა, როდესაც ვოლანდი მეჯლისზე ბერლიოზის მოკვეთილ თავს ესაუბრება. ამ მონოლოგში როგორღაც სიტყვას მოაყოლებს, რომ ყველა თეორია ტოლძალოვანია. მონოლოგში (და არა მხოლოდ) ვოლანდი (და არა მხოლოდ) ბევრ საინტერესო რამეს ამბობს და ეს სიტყვები უკანა პლანზე გადადის, რატომღაც მიჩქმალულია და მასზე ყურადღებას იშვიათად თუ ვინმე ამახვილებს, მაგრამ ნარკომანი ექიმისგან ამაზე ნაკლებად დახვეწილ და ლამაზ მინიშნებას არც ველოდი, „ნამდვილად გროსმეისტერული მესიჯია“, - გავიფიქრე, ყველა თეორია ნამდვილად ტოლძალოვანია, ხოლო ეს თეორია (ყველა თეორიის ტოლძალოვანების შესახებ) ამ თეორიების დამაკავშირებელი რგოლია, მაშინ როდესაც შესაძლებლობის თეორია, როგორც ასევე ტოლძალოვანი, ყველა სხვა თეორიას მოიცავს, მისგან გამომდიონარეობს და მასში იკრიბება ყველა ის თეორია, რომელიც აქამდე გამოუგონიათ და რომელსაც მომავალში გამოიგონებენ - ბოლოს და ბოლოს ტვინისთვის ყველა ამ თეორიის შეთხზვა ისეთივე სასიამოვნო, მაგრამ მონოტონური ვარჯიშია, როგორც ადამიანის სხეულისთვის სექსუალური აქტი, რომელსაც კაცმა რომ თქვას, არანაირი თეორიული მომზადება არ სჭირდება.


რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვიხიბლებოდი შესაძლებლობის თეორიის აქსიომატური ბაზის სრულყოფილებით და ყოვლისმომცველობით. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მთელს ცხოვრებას ერთი ან რამდენიმე მოძღვრების შესწავლას ანდომებენ, მიწისქვეშა მღვიმის ვიწრო გასასვლელში გაჩხერილ სპალეოლოგებს ჰგვანან, რომლებიც რაც უფრო მეტად ცდილობენ თავის დახსნას, მით უფრო იჭედებიან, სანამ საბოლოოდ ფილტვებს არ დაიხშობენ. სამეცნიერო კარიერაც ხომ ზოგადი განათლების ვრცელი და ნათელი დარბაზით იწყება და ბოლოს ვიწრო სპეციალიზაციის ჩიხით მთავრდება.
ადამიანის კვალი დროსა და სივრცეში (უხეშად რომ ვთქვათ „მისი ადგილი ისტორიაში“) არასდროს არ არის მისი ყველა ქმედების ჯამის შესაბამისი - ეს ფაქტი დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. მეორეს მხრივ, ამ კვალის სიღრმე და სიმკვეთრე შემთხვევითი სიდიდეც არ შეიძლება იყოს და რაღაც კანონზომიერებას ექვემდებარება. ახლა უკვე შემეძლო მევარაუდა რა კანონზმიერებაზე შეიძლებოდა საუბარი.
ამ აზრის შემდეგ მსიჯები შემთხვევით რიცხვთა გენერატორის სიხშირით მომდიოდა და უკვე დაფიქსირებასაც ვერ ვასწრებდი.

თვალწინ ათასობით კადრმა და პორტრეტმა გამიელვა, დაწყებული ჰანიბალის ლაშქრობით ალპებზე, მომაკვდავი ვოლტერის ჩათვლით, რომელიც სასიკლვდილო სარეცელის ორივე მხარეს ატუზულ სასულიერო პირებს, მისი სულის გადარჩენას რომ ცდილობდნენ და მზრუნველად ეკითხებოდნენ „შვილო ჩვენო, თავს როგორ გრძნობო“, მხიარულად პასუხობდა „როგორც ქრისტე ორ ავაზაკს შორისო“.
თვალწინ დამიდგა ვაშლისკენ ხელგაწვდილი შიშველი ევა, რომელის თავშიც მაცდურმა აზრმა გაიელვა: „რატომაც არა? ყველაფერი შესაძლებელია“. თანაც, ეს ფაქტი მანამდე მოხდა, სანამ მას და მის უპრინციპო მეუღლეს თვალი აეხილებოდათ.
ახლა უკვე შემეძლო შესაძლებლობის თეორიის ბაკალავრების, მაგისტრების და დოქტორების ჩამოთვლა, მაგრამ სია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტივით დაუსრულებელი იქნებოდა.
საბოლოოდ ნათელი გახდა ბევრი ადამიანის სამართლიანი გულისწყრომაც, კატალოგომანი და კლასიფიკატოროფილი თანამედროვეები რომელიმე მოძღვრების ავტორად და მიმდევრად რომ აცხადებდნენ და ცდილობდნენ რთულად გამოსათქმელი „იზმიანი“ სიტყვა მიეწებებინათ იარლიყად.
„რაც ყველაზე მთავარია, ამ თეორიის მიხედვით შესაძლებელია საზღვრების გადაწევა, გაფართოება, გინდა ცნობიერებისა დაარქვი, გინდა აბსოლუტური - ჩარჩოები ისევე გამოგონილია, როგორც ყველაფერი დანარჩენი. ისიც ცხადია, რომ სავსებით რეალურად შეიძლება ამ გამოგონილ ჩარჩოებში მოქცევა მაგრამ არ მოქცევაც ზუსტად ასევეა შესაძლებელი“ ტვინი მუშაობას განაგრძობდა, „შესაძლებელია ისეთი რამის თქმა, რაც შენამდე არავის უთქვამს, ისეთი რამის გაკეთება, რაც შენამდე არავის გაუკეთებია და ამბობენ კიდეც, აკეთებენ კიდეც, მაგრამ როგორც წესი, თეორიები პრაქტიკასთან არც ისე ახლოა.

რატომღაც ისე ხდება, რომ ასობით თეორიიდან პრაქტიკაში მხოლოდ ერთის დანერგვა შეიძლება - როგორც ჩანს ადამიანის ტვინი და ის სამყარო, სადაც მოქმედება შეგვიძლია, გასნხვავებულ პრინციპებზეა აგებული. ყველა სტოიკოსი ყოველთვის უსიტყვოდ იტანდა ნებისმიერ გაჭირვებას? ან ყველა სკეპტიკოსი პერმანენტულად სკეპტიკური იყო? მაგრამ ესენი ხომ მღვიმეებში გაჩხერილი სპელეოლოგები არიან.“
უცებ ილიას უკანასკნელი შეძახილი გამახსენდა. „ძალიან უცნაური სიტყვებია შესაძლებლობის თეორიის დოქტორისთვის და მით უფრო უცნაური, რომ სიკვდილიდან რამდენიმე წამით ადრეა ამოძახებული“. ამ აზრმა ცოტა არ იყოს გუნება წამიხდინა. ილისადმი ჩემს პიროვნული სიმპატიაზე რომ არაფერი ვთქვათ, იმ თეორიაში ჩნდებოდა შესამჩნევი ბზარი, რომლის შესწავლაც ასეთი ენთუზიაზმით დავიწყე. წამიერ სისუსტის (და არა მხოლოდ წამიერის) უფლება ყველას აქვს, მაგრამ ხომ შეეძლო შიში, სასოწარკეთა ან თუნდაც სინანული გამოეხატა და არა სულელური პათეტიკა და მედიდურობა: „არ მესროლოთ, ილია ვარ!“, ვინ იცის, იქნებ გასძახეს კიდეც: „ილია რომ ხარ იმიტომ გესვრით, აბა ნოე ჟორდანიას ან ფილიპე მახარაძეს კი არ ვესროდითო“. ის იყო უნდა გავბრაზებულიყავი, რომ უცებ გამახსენდა - ამ ფაქტის თვითმხლველებიდან ცოცხლები მხოლოდ ავაზაკები და ილიას მეუღლე გადარჩნენ, ოლღას მაშინვე გული შეუწუხდა, ამიტომ არაფერი არ შეიძლებოდა ხსომებოდა.

უცებ ყველაფერი გასაგები გახდა: „ჰო, რა თქმა უნდა, მადლიერმა შთამომავლობამ მიაწერა ეს შეძახილი. ჩათვალეს, რომ ეს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე უბრალოდ „რას სჩადიხართ, ბრიყვებო“, ან „არ მესროლოთ, თქვენი დედები...“ შემდეგ ისიც გამახსენდა, რატომღაც მკვლელობის ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად მისი შუბლი რომ შეანგრია ტყვიამ, მაშინ როდესაც ექსპერტის დასკვნის თანახმად თავზე აღმოჩენილი ჭრილობა კონდახის დარტყმის შედეგია, ხოლო ტყვიამ გულში გაიარა, მაგრამ ილია ხომ უფრო „გონების კაცი“ იყო, ვიდრე გრძნობების, ამიტომ ტყვიაც შუბლში უნდა მოხვედროდა, აი, აკაკი რომ მოეკლათ და შუბლში მოეხვედრებინათ, ლეგენდის თანახმად აუცილებლად გულში იქნებოდა განგმირული.
თან ვფიქრობდი და თან წიგნს ვფურცლავდი. მე-13 გვერდზე, ცარელ ფურცელზე რაღაც ლაქები შევნიშნე. ჯერ მეგონა, რომ თვალები დამეღალა, მაგრამ უცებ ლაქებმა გამკვეთრება დაიწყო სპეციალურ ხსნარში ამოვლებულ ფოტოქაღალდზე დაბეჭდილი სურათივით. მალე დეტალების გარჩევაც შევძელი. სურათის მასშტაბი სწრაფად იზრდებოდა და შავ-თეთრი კადრი ნელ-ნელა გაფერადდა.

შემდეგ ხმაური მომესმა და და წითელარშიიან თეთრ ტოგებში გამოწყობილი მამაკაცები დავინახე ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ამფითეატრის პირველი რიგებიდან წამოცვივდნენ და დარბაზის შუაგულისკენ გაქანდნენ. მეც გავრბოდი. თავიდან ეს დავინახე, შემდეგ შევნიშნე, რომ თეთრტოგიანებს ხელში პატარა ხანჯლები ეჭირათ და მეც მაგრად მოვუჭირე ხელი ხანჯლის ტარს. ოდნავ შემაღლებულ ადგილას მაღალ სავარძელში გვირგვინოსანი, შემელოტებული, ჩაფიქრებული კაცი იჯდა. ხელში ეტრატი ეჭირა, მაგრამ არ კითხულობდა. თეთრტოგიანები მიცვივდნენ და უცებ ერთ ადგილას გაშეშდნენ. მელოტი წამოდგა და ზიზღით სავსე მზერა შეავლო სენატორებს.

ცოტა ხანს უხეხულ სიჩუმეში ვიდექით, შემდეგ ერთ-ერთმა სენატორმა ამოიხრიალა და ფერდში ხანჯალი გაუყარა. შემდეგ კიდევ რამდენიმემ. მელოტი არ წაქცეულა, ცოტათი წაბარბაცდა და ჩემი მზერა იპოვა. ხელი მიკანკალებდა, არა, მთელი სხეულით ვცახცახებდი. მელოტის მზერამ საბოლოოდ წამახდინა.

ერთდროულად სიყვარულით, სიბრალულით და ირონიით მიმზერდა, შემდეგ რატომღაც კეთილად გამიღიმა, ხელი მკერდთან მიიტანა და ჩახრინწული ხმით მითხრა: „შენც, ბრუტუს, შენც“ . ელდანაკრავით უკან გადავვარდი, აუტანელი ზიზღი ვიგღძენი საკუთარი თავის მიმართ.

წამის მეასედში უკვე ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა, შევეცადე დამეღრიალა, მაგრამ მშობიარე ქალის კივილის მსგავსი ხმა ამოვიდა ხორხიდან, ადგილს მოვწყდი და ზუსტად იქ გავუყარე ხანჯალი, სადაც მანიშნა. ცეზარი ჩემმა დარტყმამ მოკლა. ჩაიკეცა და ხელიდან ეტრატი დაუვარდა. მზერა ფურცლისკენ გამექცა - ზედ არაფერი ეწერა.
ცარიელ ფურცელს დავშტერებოდი და მთელი ტანით ვცახცახებდი. დარბაზში ყინავდა, მაგრამ არ მციოდა. მამცივნებდა.

ბავშვობიდან გამოყოლილი ფობია გამახსენდა - სულ მეშინოდა, რომ ერთ მშვენიერ დილას სხვა ადამიანად გავიღვიძებდი. ახლა მივხვდი, რომ ამისთვის გაღვიძება სულაც არ იყო აუცილებელი. „ერთ მდინარეში თუ ორჯერ ვერ შეხვალ, მაშინ ვერც ორ დარბაზში იქნები ერთდროულად“, რატომღაც ამ აზრს მაშველი რგოლივით ჩავეჭიდე და წიგნი მეხუთე გვერდზე გადავშალე. იქ სანუგეშო არაფერი ეწერა. ყველაფერი შესაძლებელია.
„ყველაფერი შესაძლებელია“, გავიმეორე გონებაში, „მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აუცილებლად მოხდება, ან მოხდა?“. ძალები მოვიკრიბე და ისევ მეცამეტე გვერდზე დავბრუნდი.

ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ამჯერად ამ გვერდზე სხვა ბრუტუსი კლავდა სხვა ცეზარს. რომელიც ბრუტუსსაც ისეთივე ზიზღით უმზერდა, როგორც სხვა მკვლელებს. „ეს მკვლელობა კი არა, მკვლელობის ვერსიაა და ასეთი ვერსია უამრავია, მათ შორის ერთ-ერთი ე.წ. „ისტორიულია“ და რატომღაც ამ ვერსიად ყველაზე არადამაჯერებელს და სულელურს ირჩევენ ხოლმე“. გამახსენდა, რომ ცეზარის მკვლელობის ისტორიული ვერსია სხვადასხვა დროს გამოყენებული აქვს უამრავ ისტორიკოსს და ხელოვანს, შექსპირის ჩათვლით და ეს ვერსიები, ძირითად ნიუანსებში მაინც, ყველა ერთმანეთს ჰგავს, მაშინ, როდესაც წიგნში ამოკითხული ვერსიები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა და მხოლოდ ერთი რამ ჰქონდათ საერთო - ცეზარი სიკვდილის მომენტში ყველაფერს გამოხატავდა გაოცების გარდა.
რასაკვირველია, მეც გაოცების გარეშე დავაფიქსირე ის ფაქტი, რომ წიგნიდან ცალკეული ადგილების ამოკითხვა უკვე შემეძლო. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა იმას, რომ ამ წიგნის კითხვა ვისწავლე, გალაკტიონის სიტყვები გამახსენდა: „არის მკითხველი მშვენირ წიგნის და რის მხოლოდ გადამკითხველი“.

მე ჯერ „გადამკითხველამდეც“ ბევრი მაკლდა, მაგრამ მაინც ინტერესით ვფურცლავდი და ცალკეულ სურათებს, კადრებს ან უბრალოდ ნიშნებს მივყვებოდი. ტვინი ისეთი ტემპით მუშაობდა, ყურში ელექტროაპარსისთვის დამახასიათებელი ზუზუნი ჩამესმოდა.
იმ მალტსრიმთან შედარებით, რომელიც ჩემს ტვინში საშინელი ზათქით და გრუხუნით გიგანტურ მორევად ტრიალებდა, წინა საუკუნის დასაწყისში სათავეაღებული ცნობიერების ნაკადი აგვისტოს ხვატით ძალაგამოლეული ნაკადულივით მიწანწკარებდა მართვადი, დამბლადაცემული ნეირონების კალაპოტში.
დრო, რომელიც ერთ-ერეთმა ექსპერტმა სამყაროს შექმნისას დაშვებულ მექანიკურ შეცდომად მოიხსენია, დრებით ჩამოშრდა სივრცეს და constant მნიშვნელობით გაეჩხირა ჩემი მარცხენა თვალის ბადურაში. მთელი სამყარო ელემენტარულ ნაწილაკებად დაიშალა (რომლებიც თავის მხრივ ასევე დაიშალენ ) და თავიდან აიწყო ყველა შესაძლო კომბინაციით.
„იმის მეასედის, მეთესედის, ან მემილიონედის გადმოცემა რომ შემეძლოს რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ, რასაც ვხედავ, რასაც განვიცდი“ - სასოწარკვეთილებას არანორმალური სისწრაფით ცვლიდა მხნეობა და პათეტიკა „ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მიზანდასახული ვიყო, ანუ მოვინდომო, მთავარი მონდომებაა, ზედმეტი პირობითობებისგან გათავისუფლებული, ყოვლისშემძლე ნება“.
განწყობილების ხშირ და სწრაფ ცვლილებას აქამდე თუ სხვადასხვა სიმძიმის დეპრესიამდე მივყავდი ხოლმე, ამჯერად სრულ სიმშვიდემდე მიმიყვანა.

მივხვდი, რომ რაც თავი მახსოვდა ჩემს გარშემო სულ ისეთი ამბები ტრიალებდა, ერთი წამითაც არ მქონია მოდუნების საშუალება. სხეული ისე შეეჩვია მუდმივ დაძაბულობას, რომ ეს უკვე მისი ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო. ძილშიც კი ვერ ვახერხებდი წესიერად დასვენებას, აი ახლა, ამ მომენტში კი მიუხედავად ყურებში ზუზუნისა, სიცივისა და მეყსეულად ცვლადი განცდებისა - სრულიად მოდუნებული და დამშვიდებული ვიყავი.
სრულიად მშვიდად გავხდი რამდენიმე ათასი მკვლელობის და გაუგონარი სიმძიმის დანაშაულის თანამონაწილე, სავსებით მშვიდად გავიარე რამდენიმე ათეული ტრიუმფალური თაღის ქვეშ, გავიმარჯვე და დავმარცხდი ტროას კელდებთან და კედლებში გამართულ ბრძლებში, სრულიად მშვიდად დავამყარე რამდენიმე ათასი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი და სულ ოდნავ ავღელდი, როდესაც ბოლოს და ბოლოს „კერლინგის“ წესებში გავერკვიე და ოლიმპიური ოქროც მოვიპოვე სპორტის ამ ეგზოტიკურ სახეობაში.
ბობი ფიშერის მიერ უთამაშებელი პარტიების გარჩევისას, თამაშთა თეორიასა და უეჭველი მოგების ალგორითმებზე დავფიქრდი. როგორღაც ისე გამოვიდა, რომ ბოლო დროს სიკვდილზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე სიცოცხლეზე და ეს მხოლოდ ბებიას გამო არ ხდებოდა. როდესაც სიკვდილი ყოველდღიურ მოვლენად იქცევა (ეპიდემიების, ომების ან სხვა ფორს-მაჟორების დროს), იმ ტკივილის, სასოწარკვეთის და აპათიის შემდეგ, რასაც ახლობელი ადამიანების დაღუპვა იწვევს, ბოლოს და ბოლოს რაღაცნაირად უხეშდები და იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ სიკვდილი ნებისმიერი ადამიანის უტყუარი და თანდაყოლილი დიაგნოზია.

ჯანმრთელი ადამიანი თვისობრივად არაფრით განსხვავდება სასიკვდილო სენით დაავადებულისაგან, გასხვავება ინფორმირებულობის ხარისხშია. სასიკვდილო სენით დაავადებული ადამიანები ჯანმრთელ ადამიანებზე მეტად იტანჯებიან ტკივილით და ოდნავ მეტი იციან საკუთარი სიკვდილის თარიღის შესახებ. შეიძლება ტკივილი ამ ცოდნის შედეგიც იყოს, ამიტომაც ადამიანი ცდილობს რაც შეიძება ნაკლებ ინფორმაციას ფლობდეს სიკვდილზე. ზუსტად ამ მიზეზით, უჭველი მოგების ალგორითმის გაშიფრვაც თამაშში ბევრს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, პატივისცემას იმსახურებენ ის ექსპერტები, ვინც ალგორითმების მიგნებას ახერხებენ, შესაძლებლობის თეორიაც უეჭველი მოგების ალგორითმის შექმნის ყველაზე დახვეწილი თეორიული ბაზაა, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ გაცილებით მეტი სიმპატიით ვიყავი განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველგვარი ალგორითმის და თეორიის მიღმა დარჩნენ, მათ მიმართ, ვინც არც იცის რატომ უყვარს და საერთოდ იშვიათად სხვამს კითხვას „რატომ?“, ვინც იმის შემდეგაც არ წყვეტს თამაშს, როდესაც უეჭველი მოგების ალგორითმი გაშიფრულია.


პირველად რამდენიმე საათის განმავლობაში, წიგნის ცარიელ ფურცლებს თვალი მოვწყვიტე და თავი ავწიე. კისერი მტკიოდა და ბევრ საგანს, რომელთა გარჩევასაც დაღლილი თვალი ცდილობდა, არაგეომეტრიული ფორმების ნაირფერი ლაქები ეფარებოდა.


დარბაზში რამდენიმე სტუდენტი იჯდა, ძირითადად ნაცნობები.
ისეთი ნაცრისფერები იყვნენ, რომ ნაირფერი ლაქებიც ვერ ფარავდნენ.
ამ დროს გამიღიმა.
პირველად ღიმილი დავინახე. ცხოვრებაში ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს და გული ამიჩქარდა. არ გამკვირვებია რატომ ვერ შევამჩნიე, სანამ ჩემს მაგიდას არ მოუახლოვდა. მეოთხე დარბაზში ლამაზი გოგონები იშვიათად შემოდიოდნენ, ისიც ძირითადად იმ შემთხვევაში, თუ დარბაზის ნომერი შეეშლებოდათ, მაგრამ აშკარად ჩემთან მოვიდა.


შევეცადე გამეხსენებინა, საიდან ვიცნობდი, მაგრამ ნაცნობებიდან ვერავის მივამსგავსე.
გვერდით მომიჯდა და სანამ მეტყველების უნარი დამიბრუნდებოდა, თვითონ გამომელაპარაკა:
- ალბათ რამდენიმე საათი გაუნძრევლად ზიხარ. ტუჩები გაგილურჯდა.
ხელებზე დავიხედე და მივხვდი, რომ მხოლოდ ტუჩები არ გამილურჯდა. ხელები სასწრაფოდ დავმალე ჯიბეებში.
ბრიყვივით ჩუმად ვიჯექი, მობუზული, რომ შემძლებოდა ჯიბეში დავმალავდი საკუთარ გალურჯებულ ფიზიონომიას, მოხრილ მხრებს, გამოხუნებულ „ბუშლატას“, სამხედრო „ბათინკებს“.
- თავს გაუფრთხილდი, ამდენი წიგნი გქონია წასაკითხი - მისმა ირონოიამ გამომაფხიზლა და სასწრაფოდ დავხურე გახუნებულყდიანი წიგნი.


გაბედულება მოვიკრიბე და კიდევ ერთხელ შევხედე თვალებში. წამის მეასედში უფრო მეტის დანახვა მოვასწარი, ვიდრე იმ რამდნეიმე საათის მანძილზე, როდესაც წიგნის ცარიელ ფურცლებს ჩავშტერებოდი. ვიცოდი, რომ რაღაც უნდ ამეთქვა, მაგრამ სიტყვები დამეფანტენ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე სირცხვილის ალმური მომედო გაყინულ სახეზე, ხმა ვერ ამოვიღე.
- ლამაზი თვალები გაქვს - მითხრა და გამიღიმა, მერე წამოდგა - წავედი.
წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ძალები მოვიკრიბე და ვკითხე:
- როდის გნახავ?
- როცა ასეთი მოხუცი, დეპრესიული და დაღლილი აღარ იქნები. როდესაც მაგ იდიოტური წიგნის კითხვა მოგბეზრდება.


ისევე უცბად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.
„ალბათ მუზა იყო“, გავიფიქრე, „ყოველთვის მაშინ მოვა, როდესაც ასეთი დაღლილი, გამოფიტული ვიქნები და არაფრის თავი აღარ მექნება?“
მაშინ ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცოდი.
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მეცადინეობის პირველი დღე ჩავაგდე.
„ორი დღე დამრჩა“ - გავიფიქრე - „ორ დღეში ორი წიგნი. ხვალ მხოლოდ რუსულ წიგნებს გამოვიწერ

 

ავტ:თომა ოტიელი

საინტერესოთ მომეჩვენა დ აამიტომაც დავდევი მსგავსი საკითხვაბეი თუ გაქვთ გამოუშვით

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

×